Monday, March 22, 2010

მოკლედ დედოფლისწყაროს რაიონის შესახებ...


დედოფლისწყარო - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში წარმოადგენს დედოფლისწყაროს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს, (ყოფილი წითელწყარო).იგი მდებარეობს შირაქის ვაკეზე. ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს.მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.).
ადგილმდებარეობა
დედოლისწყაროს მუნიციპალიტეტს, რომლის ფართობია 2532 კვ2, კახეთის ტერიტორიის 22 პროცენტი უჭირავს. იგი მდებარეობს მდ. ალაზნის ველსა და მდ. იორის კალაპოტებს შორის ამაღლებულ ზეგანზე, რომლის უმდაბლესი წერტილი (90 მ ზღვის დონიდან) იმყოფება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდ. იორის შესართავის მახლობლად, ხოლო უმაღლესი წერტილი, მთა ნიკორასციხე (1001 მ ზღვის დონიდან) ქ. დედოფლისწყაროს სამხრეთითაა.
მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ვაშლოვანის ნაკრძალი, რომლის ფართობი 10 000 ჰექტარს აღემატება. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის რამდენიმე პერიოდულად შრობადი მდინარე. ეს ტერიტორია გარშემორტყმულია მთებით. ნაკრძალის დასავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოშ ყველაზე დაბალი ადგილი - ელდარის დაბლობი (90-150 მ).
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალური და ჩრდილო ნაწილი ძირითადად სახნავ-სათეს მიწებს, ვენახებს, ბაღებსა და სხვა სავარგულებს უჭირავს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილოეთით - სიღნაღის მუნიციპალიტეტი.
ისტორიული წარსული
უძველესი დრიოდან დღევანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის "კამბეჩოვანის" შემადგენლობაში. ის თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიას და ხან კახეთის და ხან ჰერეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. თავისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო ამ მხარეში დიდი ხნის წინ ცხოვრება ჩქეფდა, რასაც ადასტურებს უამრავი ისტორიული ძეგლი, არქეოლოგიური მასალა, ნასახლარები მოკირწლული ქუჩებითა და ხელოვნური სარწყავი სისტემით.
მე-17- მე-18 საუკუნეში კამბეჩოვანში თითქმის 70-80 ათასი კაცი ცხოვრობდა, მის მთავარ ქალაქ ხორნაბუჯში კი - დაახლოებით 10-15 ათასი. მე-12 საუკუნეში, თამარის მეფობის ხანაში, ციხე-ქალაქი განსაკუთრებით გაძლიერებულა და ჩაბმული ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობებში.
ქიზიყში ახლაც ცოცხლობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც თამარ მეფეს თავის მეუღლე დავით სოსლანთან ერთად ეწვია კამბეჩოვანს და ორი კვირა იცხოვრა ხორნაბუჯში. მთის წვერზე კამკამა წყარო მოჩუხჩუხებდა. დედოფალს წყალი ოქროს თასით დაულევია და ისე მოსწონებია, უბრძანებია წყალი ციხისთვის დაეახლოვებინათ ისე, რომ არ მოეშალათ მისი პირვანდელი სათავე. იმავე წელს ეს წყაროს წყალი თიხის მილებით ხორნაბუჯის ციხის მახლობლად მიუყვანიათ და სახელად დედოფლისწყარო უწოდებიათ და ეს სახელი იქ გაშენებულ დაბაზე გადავიდა მოგვიანებით. მთის წვერზე კი დღესაც გადმოჩუხჩუხებს "თამარის წყარო".
ისტორიული ძეგლები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების სიმრავლით.

ხორნაბუჯი მე-3-მე-4 საუკუნეების კლდეზე ნაგები ციხე-ქალაქია. იგი მაღალი კლდის მასივზე მდებარეობს, აქ შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები, მათ შორის: წყალსაცავის და კარის ეკლესიის ნაშთებიც. 1858 წელს აქ გაიარა ალექსანდრე დიუმამ და აღწერა ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი და ელიას მთა.


დედოფლისწყაროს რაიონი მდებარეობს ივრის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს რეგიონი ძირითადად წარმოდგენილია ვაკე-ტაფობებით, სერებით, ბორცვებით და დაბალი მთებით. აღსანიშნავია ტარიბანას, დიდი და პატარა შირაქის ტაფობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელიას მთა, რომელიც თავისი ფორმით ქალის ფიგურას მოგვაგონებს.

No comments:

Post a Comment